მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 1 თებერვლის ღამეს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.
კერძოდ, 1 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკი მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი