„მათ ერთი მიზანი აქვთ“ – გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაშია?

რუსთავის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია. აქედან „ქართულ ოცნებას“ 16 ადგილი აქვს, ამდენივე – „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამი მანდატი გახარიას პარტიას ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ კოალიცია რუსთავში დღეს ოფიციალურად გააფორმეს, განაცხადა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.
ლაცაბიძემ ეს განცხადება პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით გააკეთა. ორშაბათს შეროზიას კანდიდატურას, გახარიას პარტიის სამი წევრის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

„ფორმალურად ამ ორი პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონში მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისი თქმით, რუსთავის მცხოვრებლებმა მას ნდობა გამოუცხადეს, რათა ქალაქი გახდეს უფრო ჯანსაღი, კომფორტული და განვითარებული. დაგეგმილია უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთავის განვითარებას და რუსთაველების ყოველდღიურობას უკეთესს გახდის.

„თუ ოპოზიცია მათ არ დაამტკიცებს, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქისა და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ბედი და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები და მუდმივი პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

საკრებულოში წარდგენილი პროექტების ბოიკოტი რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება და სხვა არაფერი, ხაზი გაუსვა მან.
გახარიას პარტია საკრებულოებში ძალებს იკრებს: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ რუსთავი >>
რუსთავის საკრებულო აღმოჩნდა იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის, სადაც სადეპუტატო ადგილების უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო.
რუსთავის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია. მათგან 16 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ამდენივე დეპუტატი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სამი ადგილი კი გახარიას პარტიას ეკუთვნის.
მანამდე ექს-პრემიერის პარტიის წარმომადგენლებმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოების თავმჯდომარის თანამდებობებიც დაიკავეს.