თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე კახეთში 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში გუშინ, 29 იანვარს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 68 წლის ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები მიაყენა. ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური