კახეთის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება

აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო ფრენების მიღებას დაიწყებს, იუწყება ადგილობრივი რადიო „კახეთის ხმა“.
გასული წლის გაზაფხულზე დაწყებული აეროპორტის აღდგენა უკვე დასრულებულია. სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო. აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. 2012 წელს „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცა. აეროპორტს საქართველოს მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) სახელი მიენიჭა.
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო სტეფნაძის თქმით, აღდგენილი აეროდრომი 20 კაცზე გათვლილი თვითმფრინავების მისაღებად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„სამუშაოები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და ამისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. განახლდა ინფრასტრუქტურა, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, 1200 მეტრი სიგრძის და 25 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი”, - განაცხადა სერგო სტეფნაძემ.

მისი თქმით, აეროპორტი მიიღებს თვითმფრინავებს საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულებს როგორც ჩარტერულ, ისე რეგულარულ რეისებს.