თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე 146 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3.500 ადგილია თავისუფალი, ანუ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ არის მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს.
„ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულებისა მძიმდება და შეიძლება გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ძირითადად ოჯახის ექიმები მართავენ და ამ ეტაპზე ძირითადი დაწოლა ორ მიმართულებაზე მოდის – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 ათასზე მეტი ნიმუში იკვლევა და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე.
„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.