თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების დღიდან მის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება მოყვა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვებს. 2021 წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53, სავარაუდოდ, დაკარგულია. მისი თქმით, საუბარია ტილოებზე, რომლებიც ქვეყნიდან 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არის გატანილი. მინისტრის თქმით, დაკარგული ექსპონატების ბედით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან.
„ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს, სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული გალერეიდან 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოს გადაეცა 77 ექსპონატი, მათი უმრავლესობა აშშ-ში საქართველოს საელჩოს.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ „ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნებაზე“.
2012-2021 წლებში ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი ხუთი ექსპონატი დაუბრუნდა. მათ შორისაა ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ნათელა იანქოშვილის და სხვა ავტორების ნამუშევრები.
განცხადების ტექსტს ავტორებმა თან დაურთეს ორი ფაილი. ერთ-ერთია იმ ექსპონატების სრული ჩამონათვალი, რომლებიც ქვეყანას 2012-2021 წლებში დაუბრუნდა, მეორე ფაილშია იმ ექსპონატების ჩამონათვალი, რომლებიც 1992-2005 წლებში ქვეყნიდან გაიტანეს. საუბარია 77 ექსპონატზე.
ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში 2007 წელს შევიდა, ხოლო თავად ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა.
წყარო - ეროვნული მუზეუმი