COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება

ინფიცირების შემთვევების მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, ფიქრობს ივანე ჩხაიძე
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვე-ნახევარი გრძელდება და შემდეგ, სავარაუდოდ, ორ კვირაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება უნდა დაიწყოს.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თუმცა მოვლენების განვითარების სცენარი, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი იყოს.
„იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით საფრთხეები არ არსებობს, რადგან „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
„მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას“, - განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა.
„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.