COVID-19 - ბოლო ცნობები

სწავლა პანდემიის დროს: რა ვითარებაა სკოლებში

საჯარო სკოლების 10% დისტანციურ სწავლაზეა გადასული
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს ხოლო მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა.
სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.
მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
უწყების ინფორმაციით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
საქართველოში ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლა ფიქსირდება.
წყარო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.