თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. გლდანში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა დღეს გლდანში, 2 მიკრორაიონის №47ა კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი.
მაშველებს ბინაში შესაღწევად სახურავიდან ჩასვლა მოუწიათ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.