დღეს გუდაურს უკვე იცნობენ საქართველოს საზღვრებს მიღმა. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილთაგან ქვეყანაში, სადაც თხილამურებით სრიალი აპრილშიც კია შესაძლებელი.
როგორც წესი, სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში კომფორტული სრიალი ყველა მარშრუტზეა შესაძლებელი.
კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ია, საიდანაც 80 პროცენტი მოყვარულთათვისაა, 20 პროცენტიკი— პროფესიონალებისთვის. ამასთან საბაგიროები ერთდროულად 11 000-მდე ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.
საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.
კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე გუდაურში ისეთი ხალხმრავლობა იყო ხოლმე, რომ, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. მერე კი პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა და დამსვენებელთა რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს კურორტი მხოლოდ გაზაფხულზე, მარტში გაიხსნა, წელს კი ზამთრის თვეებშიც შესაძლებელი გახდა თხილამურებით სრიალი.