თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასები ერთ-ორ კვირაში დაახლოებით 3-5 თეთრით გაიზრდება, განუცხადა Sputnik-საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის (სნიკ) თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
2021 წელს ნავთობპროდუქტებზე - ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასები საქართველოში საშუალოდ 35 თეთრით გაიზარდა, ამის მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდაა.
კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 25 იანვრიდან ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 88,20 დოლარამდე გაიზარდა (+1,93). ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 85,60 დოლარამდე გაიზარდა (+2,29).
ამავდროულად, 2021 წელს საავტომობილო საწვავზე მოთხოვნა გაიზარდა, ნავთობპროდუქტების იმპორტი 3,9%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,8%-ით 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით.
„საკმაოდ რთული მდგომარეობაა საწვავის ღირებულებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული იმპორტზე. ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტებზე, როგორიცაა ბენზინი და დიზელი, რეკორდულად მაღალი ფასები ფიქსირდება. ნავთობის ღირებულება ყველაზე მაღალია 2014 წლის შემდეგ. ეს რეალობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს საქართველოში მომუშავე კამპანიებს, ერთი-ორ კვირაში საქართველოში საწვავის ღირებულება დიდი ალბათობით 3-5 თეთრით გაიზრდება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, საწვავის ღირებულებას საქართველოში განაპირობებს საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით. დღეს საწვავის ფასები ყველა ქვეყანაში გაიზარდა.
„მაგალითად, თვის დასაწყისიდან ერთი ტონა ბენზინის საშუალო ღირებულება 80 დოლარამდე გაიზარდა, დიზელის საწვავი - კიდევ უფრო მეტად. შესაბამისად, ადგილობრივ კომპანიებს საქართველოში ფასის გაზრდის გარდა სხვა გზა არ აქვთ", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, მთვრალაშვილის თქმით, OPEC+-ს ნავთობის ლიმიტირებული მოპოვება აქვს, მან შეამცირა წარმოება და მსოფლიოში არის დისბალანსი წარმოებასა და მოთხოვნას შორის. მოთხოვნა გაცილებით მაღალია.
„ამავდროულად, გეოპოლიტიკური ვითარება დაძაბულია, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას შორის. თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნავთობის ღირებულებას არაპროგნოზირებადს გახდის. დღეს ბარელი დაახლოებით 87-89 დოლარია. 100 დოლარამდე არაფერი რჩება. ყოველმხრივ დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაცია ნავთობის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების მიმართ გაზრდის ნავთობის ღირებულებას“, - განაცხადა მან.
რამ გამოიწვია საწვავის მოხმარების ზრდა
„პროდუქციის გაძვირების გათვალისწინებით, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რატომ გაიზარდა მოხმარება. მაგრამ მთავარი მიზეზი არის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წელს. შესაბამისად, სახეზეა აქტივობის ზრდა ქვეყანაში", - განაცხადა მთვრალაშვილმა.
ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების მიზნით, ბევრი ავტომფლობელი მგზავრობას ამჯობინებს საკუთარი მანქანებით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მთვრალაშვილის პროგნოზით, წელს მოსალოდნელია მოხმარების ზრდა, თუკი არ იქნება ხელშემშლელი COVID-19 და მაღალი ინფლაცია, რაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობას აზიანებს.
წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე) ქვეყანაში 13,9% შეადგინა (სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლით).
საიდან ხორციელდება ნავთობპროდუქტების იმპორტი?
გასული წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთზე მოვიდა - 244.601 ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 21,3%-ია. თურქმენეთი, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის უდიდესი მომწოდებელი, პირველად განისაზღვრა. მათ შორის ის არის ბენზინის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელი (მხოლოდ A-91 მარკის).
თურქმენეთს მოჰყვება:
რუსეთი - 221.181 ტონა (იმპორტის წილი19,3%);
აზერბაიჯანი - 215.872 ტონა (18,8%);
რუმინეთი - 204.638 ტონა (17,8%);
ბულგარეთი - 167.708 ტონა (14,6%).
საინტერესოა, რომ თურქმენეთიდან იმპორტის ზრდა გამოწვეულია საკმაოდ დაბალი ხარისხის პროდუქციის დაბალი ღირებულებით. მასზე მოთხოვნას კი მხოლოდ ფასი განსაზღვრავს და საქართველოში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მომხმარებელი არჩევანს ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე აკეთებდა.
მაგრამ წელს ასეთი მონაცემები მოსალოდნელი არ არის, რადგან უკვე ყველა გაერკვია და პრაქტიკაში დარწმუნდა, რომ საქმე დაბალ ხარისხშია და არჩევანი გაკეთდება ხარისხიანი პროდუქტის მომწოდებელი ქვეყნების სასარგებლოდ.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:
რეგულარის ტიპის ბენზინი - 3,09-3,19 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3,18-3,23 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი - 3,26-3,33 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 3,07-3,19 ლარი, დიზელის საწვავი - 1,59-3,04 ლარი.