თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მეოთხე წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს პლენარული სხდომით გაიხსნება. პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარლამენტმა უნდა შეათანხმონ.
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს დეპუტატების მოსაზრებები მის გამოსვლასთან დაკავშირებით. ყოველწლიური ანგარიშის დასრულებისთანავე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით წარდგება.
ამ დროისთვის უცნობია, იმუშავებს თუ არა საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით. ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ის საჯაროდ ცნობილი ორშაბათს, 31 იანვარს გახდება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტს 31 დეპუტატი მაინც გამოაკლდეს.