თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა დროს ჩატარდა.
ხუთ პირს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო ოთხი პირი ნარკორეალიზაციისთვის არის დაკავებული. დაკავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კიდევ ორი - წარსულში ნასამართლევია. დაკავებულთა ასაკი 27-დან 61 წლამდე მერყეობს.
„პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს:
„ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება
6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“
5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით
ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის" (LSD) შემცველი 300 ფირფიტა
5 კილოგრამამდე „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“
35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „პსილოცინის“ შემცველი სოკო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.