თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 66 წლის ასაკში ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ამირან არაბული ავრცელებს.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლალი გულისაშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონი სოფელ გიორგიწმინდაში.
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მისი პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა, შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1977 წელს მუშაობა დაიწყო ლიტერატურის ინსტიტუტში. „გერმანულ სკოლაში" იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.1997-2005 წლებში იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „დაბრუნება ძველ სახლში" (1985), „საგაზაფხულო ლოცვა" (1989), „შვილს" (2017).
მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები. ნანა ჯანელიძის ცნობილ კინოფილმ „იავნანაში" (1994) თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზეა დაწერილი, მათ შორის „იავნანა" და „შობის გალობა" (ცისკრის ალილო).
1996 წელს მიენიჭა ღირსების მედალი.
წყარო - ამირან არაბულის Facebook-გვერდი