თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები იქნებიან. აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილი საქართველოს ნაკრების მედროშე იყო 2018 წელს (ფხენჩხანში გამართულ თამაშებზე), წიკლაური კი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე 2014 წელს.
პეკინში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში კი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
დღეს, 28 იანვარს პეკინში უკვე გაემგზავრა ქართული დელეგაციის ნაწილი – მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.
ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იქნება ცხრა სპორტსმენით სპორტის სამ სახეობაში.
ფიგურული სრიალი:
მორის ყვითელაშვილი - ინდივიდუალური შეჯიბრება (მამაკაცთა შორის)
ანასტასია გუბანოვა - ინდივიდუალური შეჯიბრება (ქალთა შორის)
კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (წყვილები)
მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (სპორტული ცეკვები)
მოციგავე - საბა ქუმარიტაშვილი
სამთო-სათხილამურო სპორტი - ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.