თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქობულეთში დაუდგენელმა პირებმა სოფელ დაგვას კულტურის სახლი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ქართულ-ბერძნულ სტილში შესრულებული სპილენძის ხუთი ჭაღი და ხის სკამები. აყრილია ხის იატაკიც.
კულტურის სახლის თანამშრომლის განცხადებით, შენობა უკვე წლებია, რაც ამორტიზებულია და მოსწავლეები რეპეტიციებზე სხვა შენობაში დადიან.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
წყარო: „რუსთავი 2"