თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა პარასკევს ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმის მხარდაჭერა AFD–ს მხრიდან სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ. საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში,
აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო 115.31 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ორ ტრანშად.
საქართველოში წყალმომარაგება დღეში 4-დან 24 საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება; ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებთა 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე; და მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.
წყარო: ფინანსთა სამინისტრო