თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დასავლეთმა იგნორირება გაუწია უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ აპირებს ის უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ტელეფონით საუბრისას.
კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი პარასკევს შედგა.
„საუბრის მთავარი თემა იყო რუსეთისთვის გრძელვადიანი, იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, მათ შორის, ჟენევაში აშშ–რუსეთის ამასწინანდელი მოლაპარაკების და ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის ფონზე“, – იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, დასავლელ პარტნიორებს არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ იმაზე, რომ მათი თეზისი ნებისმიერი ქვეყნის თავისუფლებაზე, აირჩიონ კავშირები და ალიანსები, რომელთა წევრობაც სურთ, ეწინააღმდეგება უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, არავინ უნდა განამტკიცოს თავისი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების ხარჯზე.
„ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აშშ-ის და ნატოს პასუხებში არ იყო გათვალისწინებული რუსეთის ისეთი პრინციპული შეშფოთება, როგორიცაა ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად შეიარაღების შემტევი სისტემების განთავსებაზე უარი, ასევე ალიანსის სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის დაბრუნება ევროპაში 1997 წლის პოზიციებზე, როდესაც ხელი მოეწერა რუსეთი–ნატოს ფუძემდებელ აქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე ყურადღებით შეისწავლის 26 იანვარს აშშ-ის და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების პროექტებზე, რის შემდეგაც გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს მომავალში.
გასული წლის მიწურულს მოსკოვმა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გადასცა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტების პროექტები. რუსეთი ითხოვს ალიანსის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარს, რუსეთის საზღვრებთან შემტევი საშუალებების განთავსების შეზღუდვას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანას და აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოების შეწყვეტას.
ამ კვირაში რუსეთმა წერილობითი პასუხი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იგნორირება გაუკეთეს მთავარ საკითხს – ალიანსის გაფართოების შეწყვეტას.