„სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“ – კალაძე ორხევში უკანონო შენობების დემონტაჟზე

კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაიტაცოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და აწარმოოს უკანონო მშენებლობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ორხევის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით.
დღეს ორხევში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო.

აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. ჩვენ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცებას არ შევეგუებით და ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც მოკვლევის შედეგად გაირკვა, ეს ადამიანები ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ბინებს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა ორხევის დასახლებაში ინსპექტირება ორი თვის წინ განახორციელა, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
მოსახლეობა სახლების ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, შენობების დემონტაჟის გამო ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
„ქუჩაში არავინ დარჩება... შენობები, რომელთა დემონტაჟიც განვახორციელეთ, დაუსრულებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა", – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა.
დღეს დასახლებაში 10-ზე მეტი საცხოვრებლის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ვითარებას პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.