თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 31 იანვრიდან თბილისის სერვის–ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტებს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
„არსებულ ვითარებაში კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის–ცენტრში და ასევე რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის – ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვის–ცენტრში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მომხმარებლებს განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ დისტანციურად კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge. GWP მოუწოდებს მოქალაქეებს, განცხადების გაგზავნამდე გაეცნონ ელექტრონულ ფორმებსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.
განცხადება დისტანციურად დარეგისტრირდება და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
წყარო: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“