ფოტოგრაფია – მოგზაურობის სიამოვნება და არაცნობიერზე დაკვირვების საუკეთესო გზა

Sputnik
მისი დღევანდელი სლოგანია – „შექმენი ახალი მოგონებები“, რასაც თავისი ფოტოობიექტივის დახმარებით ახერხებს კიდეც. საბაჟო-საგადასახადო სფეროს დიპლომირებული სპეციალისტია, თუმცა ამ მიმართულებით არსად უმუშავია. ამჟამად ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდული ჰორიზონტი". ფოტოგრაფიით გატაცების შემდეგ ფოტოსკოლის საბაზისო ონლაინ კურსი გაიარა წარმატებით და ახლა თავის ობიექტივში მოქცეულ სამყაროში „მოგზაურობს“...
ნათია ოქიტაშვილი
- ნათია, როგორ გახდა ფოტოგრაფიით გატაცება საყვარელი საქმე?
- დღეს ფოტოგრაფის პროფესია ძალიან პრესტიჟული და პოპულარულია. ჩაკეტილი ცხოვრების პირობებში ფოტოგრაფია გახდა ჩემთვის უნივერსალური ენა, რომლის საშუალებითაც გარე სამყაროსთან კომუნიკაციას ვამყარებ.
ფოტოხელოვნებით სერიოზულად 2019 წლიდან დავინტერესდი, როცა საკუთარ თავთან ბევრი ემოციური წინააღმდეგობა დამიგროვდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ საქმედ მექცია ის, რაც სიამოვნებას მანიჭებდა.
ნათია ოქიტაშვილი
თავიდან კარგად ვერ ვაცნობიერებდი რას ვიღებდი და რატომ, მაგრამ ფაქტია, ეს საქმიანობა ძალიან მიზიდავდა. ყველას, ვისაც ფოტოაპარატს დავუნახავდი ხელში, უამრავ კითხვას ვუსვამდი. ამგვარად მარტივი რაღაცეები თავად ვისწავლე.
- ფოტოხელოვნების სამყარო როგორ აღმოაჩინეთ?
- ერთ დღეს ფოტოგრაფთა პირველი მსოფლიო გაერთიანების Magnum Photos შესახებ შევიტყვე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხმა ფოტოგრაფმა – რობერტ კაპამ, ანრი კარტიე-ბრესონმა, ჯორჯ როჯერმა და დევიდ სეიმურმა დააარსა. ამ ვებ-გვერდზე ფოტოების დასათვალიერებლად შევედი, მაგრამ იქ რეალურად სულ სხვა სამყარო აღმოვაჩინე.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
ამ სააგენტოში გაწევრიანებული არიან ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებსაც ინდივიდუალური სტილი და განსხვავებული ხედვა აქვთ. Magnum Photos-ში გაწევრიანებული ფოტოგრაფისთვის კადრის სრულყოფის მისაღწევად გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. დაგროვილი ცოდნის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რამდენად სწორი იყო ჩემი არჩეული გზა, ცოდნას გამიღრმავებდა და მოტივაციას მომცემდა.
- საამისოდ სად მიხვედით?
- საამისოდ მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის ფოტოსკოლაში დავიწყე სწავლა, რითაც დღემდე უზომოდ კმაყოფილი ვარ. ამ ადამიანებმა ყველაზე დიდი შემოქმედებითი სტიმული მომცეს. ისინი მუდმივად ვითარდებიან და სულ ახალ-ახალ, საინტერესო პროცესებში არიან ჩართული. მარიმ და გიორგიმ საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით გამაცნეს, ჩემი შემოქმედებითი არეალი გააფართოვეს და გარე სამყარო დამანახეს ისეთი პერსპექტივით, როგორზეც აქამდე არც მიფიქრია.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
- გაიხსენეთ რომელიმე ფოტოკადრი თქვენი ბავშვობის ალბომიდან...
- მოგონებები ყველაზე კარგად ფოტოზე ისახება და რჩება. ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ბავშვობის ერთ-ერთი მკაფიო მოგონება ასეთია: მახსოვს, ზამთარი იყო, მე ბებია-ბაბუასთან ერთად ვიჯექი და შავ-თეთრ ტელევიზორში ფილმს ვუყურებდი. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ბიძაჩემი შემოვიდა. მას ხელში ჩემთვის მაშინ უცნობი, „პოლაროიდის“ ფოტოაპარატი ეჭირა. იმ აპარატით გადაღებულ ჩემს პირველ ფოტოზე გაოცებისა და შიშისგან თვალები მაქვს გადიდებული და პირი დაღებული.
მას შემდეგ სულ მაინტერესებდა და მაწუხებდა კითხვა: როგორ ხდება ადამიანის გამოსახულების ფირზე გადატანა, ანუ როგორ მუშაობს ეს „უჩვეულო“ მოწყობილობა...
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
- რომელია თქვენ მიერ გადაღებული ყველაზე გამორჩეული კადრი?
- ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან მსიამოვნებს სიახლეების ძიებისა და გადაღების პროცესი. მაქვს ფოტოები, რომელსაც ვუზიარებ საზოგადოებას და მაქვს ფოტოები, რომელთაც „საიდუმლოდ“ ვინახავ.
განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება სტამბული, სადაც ევროპული და აზიური კულტურები ერწყმის. ჩემთვის ეს ქალაქი არის ღია ცის ქვეშ გამოფენა, სადაც შემიძლია ყოველთვის რაღაც საინტერესო აღმოვაჩინო და გადავიღო.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
ქუჩაში პორტრეტების გადაღება ჩემთვის ადამიანების არაცნობიერ პროცესებზე დასაკვირვებლად საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩემი პორტრეტებით ვცდილობ, რომ ვაჩვენო ადამიანის ნამდვილი სახე, რომელიც ხშირად საკუთარ თავშივე „იკარგება“ ხოლმე.
- სოციალურ ქსელებში გიწერიათ ფრაზა: „გაგვითვალისწინეთ ახალგაზრული სექტორიც“. ვინ არის ფრაზის ადრესატი?
- ადრესატი, ალბათ, საზოგადოებაა... ფოტოგრაფიის გარდა აქტიურად ვმუშაობ მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობების შეთავაზების გზით.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
ყოველთვის ვცდილობ, რომ მხარი დავუჭირო ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და სადაც თითოეულის აზრი იქნება გათვალისწინებული.
- შემთხვევით გადაღებული ფოტო უფრო საინტერესოა თუ დადგმული?
- ქუჩაში სპონტანურად გადაღებულმა კადრებმა, დაუგეგმავმა ფოტოგრაფიამ გადაღებისთვის მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მომანიჭა. კამერის საშუალებით ისეთ დეტალებს ვამჩნევ, რასაც ზოგადად ვერ ვაკვირდები და ვერ ვხედავ. ქუჩა იმდენად დინამიურია, რომ ხშირად ფოტოების გადაღება იქ სპონტანურად და ინტუიციურად ხდება. სწორედ ასეთი კადრების შემდეგ მიჩნდება მოტივაცია. ჩემი ნებისმიერი ფოტოს უკან დგას ისტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
- დღეს მსოფლიოში ბევრი ხელოვანი უპირატესობას შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ანიჭებს. თუ გიფიქრიათ ამ მიმართულებით?
- ჩემთვის ფოტოგრაფია ჰგავს მოგზაურობას, რომელიც თავისუფლებას მანიჭებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გემოვნება და შეხედულებები მუდმივად მეცვლება.
ამ ეტაპზე ფერს ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, სამყაროს ძირითადად ფერებით აღვიქვამ. საერთოდ, როგორც ყველა სფერო, სრულყოფილებამდე მისასვლელად ფოტოგრაფიაც ძალიან ბევრ ვარჯიშს და სწავლას მოითხოვს.
ნათია ოქიტაშვილის მიერ გადაღებული ფოტო
- სამომავლოდ რის გადაღებას აპირებთ?
- ძალიან მიყვარს სიახლეები. ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ, რადგან მინდა, რომ ჩემი გამოცდილება ფოტოგრაფიის კუთხით უფრო მრავალფეროვანი გახდეს. სამომავლოდ მინდა გადავიღო სოციალური ხასიათის დოკუმენტური ფოტოები, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს...