ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
შემთხვევა 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველი კობა ტაბაღუა აცხადებს, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
„ჩვენ გადმოგვეცემა საქმის მასალები, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. საქმის ყველა ნიუანსს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გავივლი, ამ ეტაპზე იგი დუმილის უფლებას იყენებს“, - ამბობს ტაბაღუა.
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ეს ამ კვირაში პოლიციელის მხრიდან ძალადობის უკვე მეორე ფაქტია. ორშაბათს თბილისის მეტროში პოლიციელმა შშმ მოზარდს სცემა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.