„თელასი“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

ენერგოგამანაწილებელი კომპანიის დაჯარიმების საფუძველი სემეკის მხრიდან აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ–ი) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.

„სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის გამეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე“, - აღნიშნეს სემეკში.

სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას. კომპანია ემსახურება 697,4 ათას აბონენტს.