ამ სტატიაში გასწავლით, ერთდროულად როგორ მოვამზადოთ სადილი, გამოვაცხოთ ნამცხვარი და ამავე დროს ვიზრუნოთ ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე.
როგორ გავართოთ 2-3 წლის ბავშვი, როცა დედა სამზარეულოში ფუსფუსებს? ჩავსვათ თავის სკამ-მაგიდაში, მივცეთ მობილური და ჩავურთოთ მულტფილმები? გვერწმუნეთ, ეს ყველაზე არასასურველი გადაწყვეტილებაა.
შეიძლება თუ არა, ბავშვი იყოს წყნარად, სანამ დედა სადილს ამზადებს? ჩვენი პასუხია − დიახ!
„სამზარეულოს თამაშები“ სასარგებლოა ბავშვის მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგად განვითარებაში. როცა ბავშვის თითებს ვავარჯიშებთ, ის უფრო თავისუფლად სწავლობს ხატვას, წერას, ტანსაცმლის ჩაცმას.
უფრო მეტსაც გეტყვით: დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ხელების წვრილი მოტორიკის განვითარება მეტყველების განვითარების სტიმულირებას ახდენს. თავის ტვინის ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია თითების ზუსტ მოძრაობაზე, სულ ახლოსაა თავის ტვინის იმ ზონებთან, რომლებიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე. ასე რომ, მთლიანობაში ბავშვის ინტელექტის განვითარებას ვუწყობთ ხელს.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული თამაშები, რა თქმა უნდა, არაა უნიკალური. თქვენ უკეთესის მოფიქრებაც შეგიძლიათ, გაგვიზიარეთ და გაუზიარეთ თქვენი აღმოჩენები სხვებსაც.
ახლა გაგაცნობთ რამდენიმე აქტივობასა და თამაშს, რომლებიც 1.5−3 წლის ასაკის ბავშვისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
გახსოვდეთ! ბავშვმა ეს უნდა მიიღოს როგორც თამაში და არა როგორც დავალება.
კვერცხი - ბავშვს თავად შეუძლია გაფცქვნას მოხარშული კვერცხი. თავიდან, რა თქმა უნდა, უნდა მიეხმაროთ. აუცილებლად შეიტანეთ პროცესში თამაშის ელემენტები. მაგალითად, სანამ ბავშვი კვერცხს ასუფთავებს, ესაუბრეთ, გაახსენეთ, როგორ კაკანებს ქათამი, უთხარით რომ კვერცხი მას ქათამმა გამოუგზავნა.
ამასთან იყავით ფრთხილად, რომ მომავალში ბავშვმა მარტომ არ სცადოს უმი კვერცხის გაფცქვნა. თუმცა, თუ მაინც მოხდა ასე, შეგიძლიათ აჩენოთ, რომ ასეთი კვერცხისგან შეიძლება ყიყლიყო მოამზადოთ.
კვერცხის გარდა შეიძლება შესთავაზოთ მანდარინის ან მოხარშული კარტოფილის გაფცქვნა. ეს დადებითად იმოქმედებს ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე.
კარაქი - შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ პურის ნაჭერზე კარაქის წასმა. ამ ასაკის ბავშვს ეს თავისუფლად შეუძლია.
სალათი - ბავშვს შეუძლია დაგეხმაროთ სალათის მომზადებაში. ის სიამოვნებით დაგლეჯს სალათის ფურცლებს, მოაყრის გახეხილ ყველს. მანამდე კი შესაძლებელია ბავშვთან ერთად გარეცხოთ ბოსტნეული.
კოქტეილი - თქვენი დახმარებით, ბავშვს შეუძლია ბლენდერში კოქტეილი მოამზადოს.
ბანანი - ბავშვმა ბანანი მოითხოვა? არ იჩქაროთ, რომ თქვენ გაუფცქვნათ. მიეცით უფლება, ბანანი თვითონ გაასუფთავოს, შეიძლება დაჭრას რგოლებად და წამოაცვას ჩხირზე შამფურივით. ბანანის დაჭრა ხომ სათამაშო ხის დანითაცაა შესაძლებელი.
ნამცხვარი - ძალიან სასარგებლოა, რომ ბავშვი ამა თუ იმ კერძის მომზადებაში ხშირად ჩაერთოს. ამიტომ დაიხმარეთ იგი ორცხობილების გამოცხობაში. მიეცით უფლება, გამოჭრას ფიგურები კულინარიული ფორმებით, გადაგრიხოს ცომის ზოლები, გაათხელოს ხაჭოს ცომი მაჭკატებისთვის.
ცომი - ბავშვებს უყვართ ცომის ზელა. ამიტომ შეგიძლიათ ცომის ზოლებისგან ბილიკები გააკეთებინოთ და მასზე მარცვლეული მოალაგებინოთ ქვაფენილივით. იგივე პრინციპით შეიძლება ვითამაშოთ „ბოსტანი“: ამისათვის ბოსტანში, ანუ ცომის ნაჭერზე ოსპის მარცვლებით „დარგეთ“ სტაფილო. შემდეგ კი, ვითომ იქ ბაჭია შეიპარა, სათითაოდ ამოაცლევინეთ „სტაფილოები“ (ბაჭია და სტაფილო შეგიძლიათ სიმინდითა და ქათმით ჩაანაცვლოთ).
კაკალი - თუ სამზარეულოს კარადაში კაკალი მოგეპოვებათ, შეიძლება ბავშვს შევთავაზოთ ასეთი თამაში: უთხარით, რომ კვერცხის სათავსო კაკლების სახლია. თითოეულ ჩაღრმავებაში ჩადოს თითო კაკალი, ხოლო შემდეგ ეს კაკლები სათითაოდ ჩაყაროს ცარიელ ბოთლში და აჩხაკუნოს. თუ სათამაშოდ წაბლსაც დაუმატებთ და მას მეორე ბოთლში ჩაყრის, გარწმუნებთ, ბავშვი ამ თამაშით 15-20 წუთით მაინც გაერთობა და დედა სხვა საქმეს მოასწრებს.
მარცვლეული და პარკოსნები - ბავშვი სიამოვნებით თამაშობს მაკარონებით, სხვადასხვა მარცვლეულით: სიმინდით, ბრინჯით, წიწიბურათი, მზესუმზირით, ლობიოთი, ბარდით, წაბლით, თხილითა და ა.შ. ბავშვს უყვარს, როცა მარცვლეულით სავსე ჯამში ჰყოფს ხელს, თითებით თამაშობს ან მუჭში იგროვებს.
ამიტომ მას აუცილებლად დააინტერესებს შემდეგ თამაში: ჩაყარეთ ბურღული ერთ ჯამში, და დაავალეთ ბავშვს, კოვზით გადაიტანოს ის მეორე ჯამში.
ეს ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო თამაშია, რადგან ამ დროს, გარდა გართობისა, ვითარდება ბავშვის სენსორული მგრძნობელობა, ხოლო მარცვლების სათითაოდ ამოღებისა და მაგიდაზე დალაგების დროს, ვითარდება ნატიფი მოძრაობები, წვრილი მოტორიკა.
შეგიძლიათ რამდენიმე სახეობის მარცვალი შეურიოთ ერთმანეთს და ბავშვმა მათი დახარისხება დაიწყოს. ბოროტი დედინაცვალი და ფიფქია გაგახსენდათ? ეს თამაში ცნობილ ზღაპარს არ დაემსგავსოს, მარცვლეული უნდა იყოს დიდი ზომისა და მცირე რაოდენობით (მაგალითად: ლობიო და სიმინდი, სიმინდი და ბარდა...).
კიდევ შეიძლება ასეთი თამაში მოვიგონოთ: მუყაოს ყუთზე დახატეთ რაიმე ცხოველი, ან დააწებეთ შესაფერისი ნახატი: მაგალითად ფისო, ბაჭია, სპილო, ვეშაპი და სხვა. ნახატს პირის ადგილას გავუკეთოთ პატარა ნახვრეტი და ვთხოვოთ ბავშვს, „აჭამოს“ ცხოველს − ჩაყაროს ამ პატარა ნახვრეტში მაკარონები, სიმინდი, ბრინჯი ან სხვა რამ.
შემდეგ გავურთულოთ დავალება: გააკეთეთ ორი ცხოველი და უთხარით ბავშვს, რომ მათ სხვადასხვა საჭმელი აჭამოს: ფისოს მაკარონი, ხოლო ბაჭიას სიმინდი. ცოტა ხანში შეიძლება კიდევ უფრო გავურთულოთ დავალება და უკვე ხელით კი არა, კოვზით აჭამოს ცხოველებს. ბავშვმა შეიძლება თავისი ორცხობილაც გაუყოს ამ ცხოველებს.
კიდევ არაერთი სიჟეტური თამაშის მოფიქრება შეიძლება. მაგალითად, საინტერესო იქნება მაკარონების ან ლობიოსგან პატარა ბილიკების გაკეთება − ერთი სათამაშოდან მეორისკენ, მაგალითად, ფისოს სახლისკენ. უთხარით ბავშვს, რომ ფისო ამ ბილიკით უნდა დაბრუნდეს სახლში, ან ბაჭია მინდორში გაიქცეს.
ბავშვითანდათან თავის თამაშებსაც მოიგონებს, მაგრამ თავიდან მას აუცილებლად დასჭირდება ჩვენი კრეატიულობა.
იყავით ფრთხილად! რომ ბავშვმა ეს „სათამაშოები“ ცხვირში ან ყურში არ შეიტენოს.
მცირე ასაკის ბავშვისთვის თითქმის ყველა თამაშშია საჭირო მშობლის მეთვალყურეობა და კონტროლი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი შეიძლება სამზარეულოში ისე დავაკავოთ, რომ შედარებით დამოუკიდებლად გაერთოს.
გარდა სენსორული, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებისა, სამზარეულოს თამაშები ბავშვებს − გოგონებსაც და ბიჭებსაც, ეხმარება შეგრძნებებისა და დამოუკიდებლობის განვითარებაში. ჩვენთან, საქართველოში, შეიძლება ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ თავისით „ერბოკვერცხიც ვერ შეიწვას“. ამიტომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ყველაფერი შეძლონ.