თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პოლიციელი მეორე დღეს დააკავეს.
პოლიციელის ადვოკატი კობა ტაბაღუა გირაოს სახით 50 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს ბრალდებულის დახასიათებები და დაზარალებული ქალის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებული გამოძიების პერიოდში თავისუფალი იყოს.
თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს შინაპატიმრობას 2 წლამდე ვადით ან 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.