თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე რეკომენდაცია თითქმის რვასაათიანი მსჯელობის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილს გაუწია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი 22 იანვარს წარუდგინა. სამი კანდიდატიდან ზურაბიშვილმა შეარჩია ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე.
ორივე კანდიდატმა წარმოადგინა ცესკოს განვითარების საკუთარი ხედვა და კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
კალანდარიშვილისთვის დასმული კითხვები ძირითადად ბოლო არჩევნებს ეხებოდა, თევზაძეს კი მოუწია პასუხის გაცემა არამხოლოდ რეფორმის საკითხებზე, არამედ მისი ორგანიზაციისა და ბლოგის ირგვლივ.
კანდიდატების მოსმენას პრაქტიკულად მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ბოიკოტის ნიშნად არ იღებს.
თენგიზ თევზაძემ ხმაურიანი სხდომის შემდეგ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. კალანდარიშვილს კი კომიტეტზე მყოფმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ორიდან ერთ-ერთი კანდიდატის დამტკიცების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა იქნება გატანილი.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს თანამდებობის შენარჩუნების იმედი აქვს>>>
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.