სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ გადაცემა „სთორიში“ გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა.
ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია..
„ჩვენ ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო, ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას. არ მომწონს, ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ბავშვებთან ძალიან ხმაურიანია, მეუღლე კი ამ დროს სახლში მუშაობს და ითმენს ხმაურს.
„ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო, ავარიით დაიღუპნენ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ იცით, როგორი წამები მქონდა, როგორც კი თვალს ვახელდი, მახსოვდა, რომ ისინი აღარ იყვნენ და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს ჩემი მშობლებისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო“, - ამბობს ანა.
მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, არტისტს საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
ანა ტყებუჩავა არც ისე დიდი ხნის წინ დაოჯახდა. მიუხედავად ახალბედა ოჯახისა, წყვილი ორ ულამაზეს ქალიშვილს ზრდის. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. პატარა გოგონებს მშობლებთან გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებულად უყვართ.