თბილისი, 26 იანვარი− Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში 1 მარტიდან ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, აღნიშნულ უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის მთლიანობაში 1.838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთათვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის – ოთხი ადგილი.
„ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში 13 ქუჩაზემთლიანობაში 497 საპარკინგე ადგილიგამოიყოფა. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე კი 1.116 ადგილი გამოიყოფა“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა საბურთალოს რაიონშიც. კერძოდ, 135 ადგილი ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩებზე.
დედაქალაქის მერის განმარტებით, 1 თებერვლიდან აღნიშნულ რაიონებში გამოყოფილი პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.
თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
წყარო: თბილისის მერია