თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარედგინათ

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა.
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და არ შეასრულა არცერთი აღნიშნული ვალდებულება.
პროკურატურის ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს >>
მის თანმხლებ პატრულ-ინსპექტორს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე მიხლის პირველი ნაწილი).
საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა