თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ხუთ ქალაქში ერთდროულად გაიმართა საპროტესტო აქციები. პროტესტი გამოიწვია პოლიციელების მიერ თბილისის მეტროსადგურში არასრულწლოვანი ყრუ-მუნჯი მოზარდის ცემამ.
დემონსტრაციები გაიმართა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და თელავში. ყველა აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
დედაქალაქში დემონსტრანტები შეიკრიბნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფისთან და მოითხოვეს დაკავებული პოლიციელების სამაგალითოდ დასჯა, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს დააკისრეს.
„ჩვენ ვითხოვთ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებსაც, სამწუხაროდ, მუნდირიანი კრიმინალები სჩადიან“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.
აქციაზე მონაწილეებმა მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „შემდეგი მსხვერპლი შეიძლება შენ იყო!“, „არა ძალადობას“, „ვითხოვთ მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრებას", „დაისაჯონ მოძალადეები“... ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საპროტესტო აქცია პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში. 26.01.2022
© photo: Sputnik / Stringer
ზუგდიდში საპროტესტო აქცია სამხარეო პოლიციის შენობასთან გაიმართა. აქციაზე დაძაბული სიტუაცია იყო, რადგან რამდენიმე მონაწილე, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე, ცდილობდა ასფალტზე წარწერის გაკეთებას, რაშიც პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს ხელი.
„ბუნებრივია, არასაკმარისია მხოლოდ ცალკეული პოლიციელების დასჯა, აუცილებელია სისტემის შეცვლა. რადგან ესაა მოძალადე სისტემა, ესაა რეპრესიული სისტემა, რომელმაც რიგითი პოლიციელები მოძალადეებად აქცია“, - განაცხადა პარტიის „დროა“ წევრმა მარიამ სიჭინავამ.
ბათუმში აქცია აჭარის მთავრობის სახლთან შედგა. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ორი პოლიციელის დასჯა არ არის საკმარისი. შექმნილი სიტუაციის განმუხტვის გზად კი ხელისუფლების შეცვლა დაასახელეს.
„ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა, ვიდრე ეს ჩვენს შვილებს შეეხება. უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ბოლო მოვუღოთ პოლიციურ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
საპროტესტო აქცია პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში. 26.01.2022
© photo: Sputnik / Stringer
ორშაბათს მასმედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ურტყამს პოლიციელი თავში და სახეში არასრულწლოვანს. მასმედიის მტკიცებით, პოლიციელი მოზარდს გაუსწორდა იმის მიუხედავად, რომ მეგობარი ცდილობდა მისთვის აეხსნა, რომ არასრულწლოვანი ყრუ-მუნჯი იყო და კითხვებზე პასუხს ვერ გასცემდა. მომხდარის გამო უკვე დაკავებულია ორი პოლიციელი.
შსს-მ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია ორი პოლიციელის დაკავების შესახებ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის გამო. ერთს არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი, მეორეს კი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 20:00-21:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 17 წლის მოქალაქე ძმასთან და მეგობრებთან ერთად მეტროსადგურ „ისანში“ იმყოფებოდა.
საპატრულო ინსპექტორმა არასრულწლოვანი ესკალატორით მეტროს ფოიეში აიყვანა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ოთახში შეიყვანა.
იქ ერთ-ერთმა პოლიციელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავში და მოქაჩა თმა. მიუხედავად არასრულწლოვანის მითითებაზე, რომ ის ყრუ-მუნჯი იყო, პოლიციელი მის ცემას განაგრძობდა. შედეგად, ახალგაზრდას თავისა და სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევას შეესწრნენ მოზარდის თანმხლები პირები.
არასრულწლოვანზე მოძალადე პოლიციელს 5-დნ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო პოლიციელს, რომელიც ძალადობის მოწმე იყო და არ შეატყობინა მომხდარის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ჯარიმა, ნახევარი წლიდან 2 წლამდე შინა პატიმრობა, ან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.