თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე დასრულდება.
„Pfizer-თან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს და გპირდებიან, რომ ახალი პარტია შეთანხმებიდან 4-6 კვირაში ჩამოვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინის 500 ათასი დოზა გვაქვს, რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მათი რაოდენობა მთლიანობაში 1,5 მლნ დოზას შეადგენს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობაში ვაქცინაციის გასააქტიურებლად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი ტემპი ფიქსირდება, მობილური ჯგუფები ჩავლენ და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთების მნიშვნელობას ადგილზე განუმარტავენ.
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. აზარაშვილის განმარტებით, ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ გაამართლა, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი.
9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც2022 წლის 31 იანვრის ჩათვლითCOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში. დღეს, 26 იანვარს დაფიქსირდა 17.530 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების თითქმის 1,1 მილიონი შემთხვევა.