თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატზე ბოსნია და ჰერცეგოვინას ანგარიშით 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი წარიმართა ბოსნიელების უპირატესობით, რომლებიც მეშვიდე წუთზე კახვეჯიჩის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. ბოსნიელებს სხვაობის გაზრდის კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
შესვენების შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ათ წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს. 25-ე წუთზე ფეიტოზამ ანგარიში გაათანაბრა, სამი წუთის შემდეგ კი ბრანკომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, „D" ჯგუფის ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა (პირველ თამაშში ქართველებმა აზერბაიჯანს 3:2 მოუგეს) და მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
მართალია, ჯერ უცნობია რომელი ადგილიდან მოხვდება საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში (29 იანვარს) საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება. სწორედ ამ თამაშში გაირკვევა, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში პირველი ადგილიდან, რომელი - მეორიდან.