დევნილებმა ხელისუფლებას ბინებით უზრუნველყოფა მოთხოვეს - ვიდეო

თბილისის გარეუბანში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
Sputnik
ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიულია და აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი მთავრობისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთ სთავაზობს ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წლის ბოლომდე. დევნილებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ბინები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაც 550 დოლარს არ აღემატება. მანამდე უწყება მზადაა, დაეხმაროს მათ ბინების დაქირავებაში და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ისინი სანატორიუმის ამორტიზებული შენობიდან. საცხოვრებელი ფართის ქირას წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ბინების საბაზრო ღირებულება. მადლობა უნდა ვთქვათ, თუ 550 დოლარად შავ კარკასს შევიძენთ. ამიტომ ეს წინადადება აბსურდულია. ვითხოვთ, დაგვაკმაყოფილონ გაკეთებული ბინებით, როგორც ეს სხვა დევნილების შემთხვევაში გააკეთეს“, - აღნიშნა ირმა ნაჭყებიამ. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.