COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: შეიძლება 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი იქნება.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

„არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, მივიღოთ პოპულაციური იმუნიტეტი, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი მექანიზმია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 17.530 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.