თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში ხშირად PCR-ტესტირების დროსაც კი ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც ზალდასტანიშვილმა განმარტა, ინფიცირების მაჩვენებლის მატების ფონზე ტესტირების ძალიან ბევრი მსურველია, მათ ნაწილს ვირუსის კლინიკური ნიშანი აღენიშნება და კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, თუმცა, საკმაოდ ხშირად კორონავირუსი არ დასტურდება.
„ხშირად ტესტირებით არ დასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ პაციენტს კოვიდი აქვს. როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია. წინა შტამებისგან განსხვავებით, აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს რამდენჯერმე სჭირდებათ PCR-ტესტირება“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის განცხადებითაც, როდესაც PCR-ტესტითაც პასუხი უარყოფითია, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომები, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები.
„ასეთ შემთხევაში პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, ატაროს ნიღაბი, ან რესპირატორი და მოერიდოს გარშემომყოფებს, რადგან შეიძლება ცრუ უარყოფითის ალბათობაც განიხილებოდეს“, - განაცხადა გორდაძემ.
ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 15.762 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.