სვანეთში ოქროს მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

თანდართული ტოპოგრაფიული რუკის თანახმად, შესასწავლი ფართობი 80 ჰექტარზე მეტს მოიცავს
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. სვანეთის რეგიონში, მდინარე ენგურზე ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე ელექტრონული აუქციონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა.
აუქციონში გამარჯვებული ოქროს მოპოვებას მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ღვებალდისა და გვალდერის - მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებს.
ვაჭრობა 15 თებერვალს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. ლოტის საწყისი ფასია 10 ათასი ლარი.
ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელიწადს მოიცავს. თანდართული ტოპოგრაფიული რუკის თანახმად, შესასწავლი ფართობი 80 ჰექტარს აღემატება.
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეასრულოს, მათ შორის სამუშაოების შესრულების დროს არ უნდა შეზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილების უფლება. ასევე, სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად უნდა აცნობოს ადგილობრივ მოსახლეობას შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
საქართველოში ოქროს მოპოვება უძველესი დროიდან იყო. საკმარისია გავიხსენოთ ლეგენდა არგონავტებზე, რომლებიც იასონის თაოსნობით გაემართნენ კოლხეთში, რათა ოქროს საწმისი მოეპარათ და საბერძნეთში ჩაეტანათ. კოლხები ოქროს მოსაპოვებლად იყენებდნენ ცხვრის ტყავს, რომელზეც ოქროს ნაწილაკები ილექებოდა. შემდგომში ცხვრის ტყავებს წვავდნენ, ფერფლს კი ცრიდნენ.
საქართველოში ოქრო იწარმოება სოფელ კაზრეთის (ქვემო ქართლის რეგიონი) ქარხანაში მადნეულის ს/კ-ის ბაზაზე. ეს ძვირფასი ლითონი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის. 2018 წელს გადამუშავებული და ნახევრად გადამუშავებული ოქროს წილმა მთლიან ექსპორტში 2,1% შეადგინა. წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ოქრო გავიდა.

ყველაფერი ბიზნესისთვის

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება, სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
2020 წლის თებერვლიდან პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც დაემატა.
მესტიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ >>
საერთო ჯამში პროგრამის ფარგლებში გაიყიდა 91,3 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონების 115 ობიექტი, ასევე 3,5 მლნ ლარის ღირებულების 47 საბადოს ლიცენზია.
გასულ წელს პროგრამას დაემატა კიდევ 50 სხვადასხვა საბადო, რომლის ლიცენზიის საწყისი ფასია 50 მლნ ლარი.
ახალი ობიექტებში ინვესტიციების მოსალოდნელი მოცულობაა 60 მლნ ლარი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 780 ადამიანს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოპოვების გარდა, რესურსების გადამუშავებაც ადგილზე მოხდება, რაც მოზიდულ ინვესტიციებთან ერთად დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
წყარო - ელექტრონული აუქციონი