საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტი გახდა კონსტანტინე (მინდია) ესაძე - ამ პოსტზე ის ოთხი წლით აირჩიეს.
კინოაკადემიის წევრთა რიგგარეშე ყრილობაზე კონსტანტინე ესაძემ დამსწრეთა 80 ხმა მიიღო (53,7%).
ყრილობაში მონაწილეობა მიიღო კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (150 წევრი) და მათ თავიანთი არჩევანი ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს.
როგორც ცნობილია, კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა კინოაკადემიის ექვსი წევრი.
საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიორგი თორაძე 38 ხმა - 25.5%
გიორგი გურგულია 12 ხმა - 8,1%
გენადი ცაავა 9 ხმა - 6%
ქეთევან ჯანელიძე 7 ხმა - 4.7%
ელგუჯა ბურდული 3 ხმა - 2%
1 ბიულეტენი გაბათილდა.
კონსტანტინე ესაძემ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა 2019 წელს არჩეული რეჟისორი ბუბა (რამაზ) ხოტივარი, რომელიც 2021 წლის მაისში გარდაიცვალა. ხოტივარის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით ასრულებდა კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ აბრამიშვილი.
კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია. კონსტანტინე ესაძე რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. არის კომპანია Caucasian Film Service-ის დამფუძნებელი.
კონსტანტინე ესაძე
ესაძე არის დამდგმელი ოპერატორი ფილმების: „დედე", „დინოლა", „თვე, „როგორც ერთი დღე", „პრეზიდენტი", „გაიღიმეთ", „ბოლო გასეირნება", „რენე მიდის ჰოლივუდში", „ომი და ქორწილი" და სხვა. ესაძე ასევე აქტიურად მუშაობს სარეკლამო სფეროში.
2017 წელს მიენიჭა რუსეთის კინემატოგრაფისტთა გილდიის პაველ ლებეშევის პრემია „ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის". ჯილდო რეჟისორს ხანტი-მანსიისკში, კინოდებიუტის მე-14 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალზე „ცეცხლის სული“ გადაეცა. კონსტანტინე ესაძის საოპერატორო ნამუშევარი შეაფასეს რეჟისორ ნიკ სარქისოვის ფილმში „წითელი“.
წყარო - საქართველოს კინოაკადემია