თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი 277 მლნ ლარია. საპენსიო აქტივების მოცულობა კი 2,1 მილიარდ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისთვის 1 მილიონ 245 ათასს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1.438-მა ადამიანმა.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში წლიურ ეფექტურ 11,6%-ში. ფონდის მოგებამ საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე 32% შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ინფლაციას 7,2% აღემატება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.