თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. პანიკისთვის მიზეზი არ არსებობს და ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გასამკლავებლად სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ოთხი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი დღეს, 25 იანვარს დაფიქსირდა- 15.762 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
გაბუნიას თქმით, მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების დრამატული ზრდისა, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ შეიმჩნევა. ამას სპეციალისტები „ომიკრონ“ შტამის მსუბუქი მიმდინარეობით ხსნიან.
„იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე დიდმა ბრიტანეთმა. ყოველივე ეს მართვადია. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, - განაცხადა გაბუნიამბრიფინგზე.
მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების დაახლოებით 45% თავისუფალია, იგივე ეხება პედიატრიულ განყოფილებებს. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 87.609 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 4.595 პაციენტი კლინიკებშია მოთავსებული, 283 კი რეანიმაციულ განყოფილებებში გადის მკურნალობას.
„ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობის დახმარებითა და იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქი მიმდინარეობისაა, პაციენტები არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ბავშვები სახლის პირობებში აგრძელებენ მკურნალობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სასურველია, რომ ისეთი მასობრივი ღონისძიებები, როგორიცაა კონფერენციები და ტრენინგები, ამ ეტაპზე დისტანციურ-რეჟიმში ჩატარდეს, რადგანაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პიკია მოსალოდნელი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 102 ონლაინ-კლინიკა მოქმედეს, როგორც კერძო ისე სახელმწიფო კლინიკებზე გადანაწილებულია 2,5 ათასი ოჯახის ექიმი. ცხელი ხაზის - 1522 - რესურსი კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ინფიცირებული პირის მეთვალყურეობა მოხდეს.