მსოფლიო დღეს

აშშ რუსეთს არაფერს დაუთმობს: ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის მის მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მოსკოვის ინიციატივასთან დაკავშირებით გადაიდგმება, ორმხრივი უნდა იყოს.

„საკვანძო მომენტი ისაა, რომ არცერთი ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, არ იქნება დათმობა. ეს ნაბიჯები ურთიერთგაგებას უნდა ემყარებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებმა ასევე უნდა გააკეთონ რაიმე, რაც უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, − განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.

ამასთან მან იქვე განმარტა, რომ ვაშინგტონი მანამ, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, დეტალურ კონსულტაციებს გეგმავს პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინასთან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ ირეაგირებს აშშ რუსეთის „უმნიშვნელო თუ სერიოზულ“ შეჭრაზე უკრაინაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ თუ რუსეთის ძალები საზღვარს დაარღვევენ, ამას „სწრაფი, ხისტი და ერთიანი პასუხი მოჰყვება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან“.
რუსეთი შტატებისგან წერილობით რეაქციას ელოდება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს: ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე.
როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა ორშაბათის ბრიფინგზე, აშშ უკვე მიმდინარე კვირაში გეგმავს, წერილობით უპასუხოს რუსეთს მის ინიციატივაზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
წყარო: U.S. Department of State