თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები ორშაბათს, 24 იანვარს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
„ამ სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად, მეც მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
„რაც შეეხება ეტაპებს, თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ ორ კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 17 იანვრის განკარგულების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
განკარგულება მიღებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (281-ე მუხლი) და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (552-ე მუხლი) შესაბამისად.
გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტების პაკეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონპროექტს.
წყარო: მთავრობის ადმინისტრაცია