თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები საქართველოს პარლამენტში კვირის ბოლოდან დაიწყება. ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე ორშაბათს მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი 22 იანვარს წარუდგინა. სამი კანდიდატიდან ზურაბიშვილმა შეარჩია ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პროცესს გაუძღვება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარდგებიან.
საპარლამენტო უმრავლესობაში ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობას დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს კალანდარიშვილს უპირატესობას არ ანიჭებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს აქვს საკმაოდ კარგი წინაპირობები, რაზეც მეტყველებს თუნდაც მისი წინა გასაუბრების დროს გამოვლენილი თვისებები, ამავდროულად, მისი განვლილი პერიოდი ამ თანამდებობაზე მუშაობის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს წამყვანი უპირატესობა აქვს. ჩვენ მოგვიწევს ყველა ლეგიტიმური კრიტერიუმის მიხედვით მსჯელობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ პარლამენტს კარგი შესაძლებლობა აქვს, თევზაძის სახით დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩიოს.
„ხელისუფლების კანდიდატს არ დავუჭერთ ერთმნიშვნელოვნად მხარს. ჩვენი მხარდაჭერა ექნება მეორე კანდიდატს თენგიზ თევზაძეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა თავის კანდიდატს გაიყვანს. სესიაზე აქტიურები ვიქნებით, ისევე როგორც წინა სესიებზე,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.