თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფივირებული ბავშვების პოსპიტალიზაცია.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ომიკრონის" შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება და ათობით მცირეწლოვანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც გაბუნიამ განმარტა, შეიცვალა ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი და ჯანდაცვის სექტორი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
„პროტოკოლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მკურნალობა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, ბავშვის არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას.
კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტები კლინიკაში შეჰყავთ ძირითადად მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, პირღებინებით, რესპირატორული სიმპტომებით. კლინიკაში ასევე შეჰყავთ ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის მქონე ინფიცირებული პაციენტები.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების სამი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი 22 იანვარს დაფიქსირდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია. გასული კვირის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.