თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველმა ექიმმა, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა სამედიცინო ონკოლოგიისა და კლინიკური გენეტიკის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიგონა – მას უკვე იყენებენ კოვიდ-ინფიცირებულებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი წერს
პრეპარატს „სულაჟერი“ ეწოდება. ის კოვიდსაწინააღმდეგო ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატია. ლურსმანაშვილის თქმით, პრეპარატი შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში, თუმცა აფთიაქებში ჯერჯერობით არ იყიდება.
პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვის“ საავადმყოფოსა და საჩხერის კლინიკაში.
როგორც ლურსმანაშვილი წერს, ამ დროისთვის „მიხაილოვის“ კლინიკაში „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად – 21.
პრეპარატი ენიშნებათ 18 წელს ზემოთ პაციენტებს 90%–ზე ნაკლები სატურაციით, ასევე პრეპარატი ინიშნება, თუ კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდ დღეზე მეტი არ გასულა.
ლურსმანაშვილის თქმით, გამონაკლისი დაუშვეს სამი მძიმე პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათი „სულაჟერით“ მკურნალობა ინფექციის პირველი სიმპტომებიდან 12–14 დღის შემდეგ დაიწყო.
„თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წელია. არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მით უმეტეს, სიკვდილი“, – აღნიშნა ლურსმანაშვილმა.
ექიმმა განსაკუთრებულად გამოყო სამი პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პირველი მათგანი იყო 210 კილოგრამი წონის 57 წლის მამაკაცი შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ვენური უკმარისობით, ჰიპერტენზიით, პაციენტი ბევრ თამბაქოს მოიხმარდა და სვამდა სპირტიან სასმელებს.
ის კლინიკაში მოხვდა 82% სატურაციით. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და სატურაცია 50%–ზე ჩამოვიდა. „სულაჟერი“ მას სიმპტომების გამოვლენიდან მე-14 დღეს მისცეს. ახალი პრეპარატის მიღებიდან მეათე დღეს სატურაცია 92%–ზე ავიდა, ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან მალე გაწერეს.
დანარჩენი ორი - 73 და 34 წლის პაციენტის შემთხვევებშიც სატურაცია დაბალი იყო და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 34 წლის ქალს ინტუბირება დასჭირდა. რეანიმაციაში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს „სულაჟერი“ მისცეს და ახალი პრეპარატით მკურნალობიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით, განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ "სულაჟერმა", კარგად არ ვიცი“, – წერს ლურსმანაშვილი.
უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ქართულ პრეპარატზე, მის შემადგენლობასა და დოზებზე, შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.soulageur.com.