ბავშვის აღზრდის ყველაზე პოპულარული რვა მეთოდი: რომელს ირჩევთ თქვენ?

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სოციალური პროგრამების სპეციალისტი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური მშობლებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ აღზრდის მეთოდებს აცნობს
Sputnik
ბავშვთა აღზრდა − ეს ის საკითხია, რომელიც გამუდმებით იწვევს დავასა და კამათს. ყველა მეთოდს თავისი მრავალრიცხოვანი მიმდევარი და, რაღა თქმა უნდა, ოპონენტებიც ჰყავს.
ქვემოთ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ მეთოდებს გაგაცნობთ, არჩევანი კი თავად გააკეთეთ − რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის, ან რომელი უფრო მიესადაგება თქვენს შვილს, ასაკისა თუ სხვა თვალსაზრისით.
1. მარია მონტესორის მეთოდიკა − გათვლილია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა მას უმეტესად 3-6 წლის ასაკში იყენებენ.
მონტესორის მეთოდიკის დევიზია: „დამეხმარე, რომ მე თვითონ გავაკეთო“. ბავშვს ეძლევა სრული თავისუფლება, იგი თავად ირჩევს საინტერესო სათამაშოებს.
ამ მეთოდის ძირითადი პრინციპია, მშობლებმა გაიაზრონ, თუ რა აინტერესებს ბავშვს; აუხსნან, როგორ მიიღოს ცოდნა და შეუქმნან შესაბამისი გარემო: დიდაქტიკური მასალებით, საშუალებებით, განმავითარებელი სათამაშოებით, რომლებიც თავად მონტესორიმ შექმნა.
მონტესორის მეთოდიკის პოპულარობა ძირითადად დამყარებულია ბავშვის წვრილი მოტორიკის განმავითარებელ თამაშებზე.
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს
2. ვალდორფის პედაგოგიკა − ძირითადად გამოიყენება 0-17 წლამდე.
ვალდორფის პედაგოგიკის მიმდევრებისთვის მიღებელია ბავშვის ადრეული აღზრდა მისთვის კომფორტული ტემპით, სტრესებისა და მიღწევების შეფასებების გარეშე. ამ მეთოდის მიხედვით, 6 წლამდე ბავშვი უნდა გაიზარდოს ბუნებასთან მჭიდრო და ჰარმონიულ კავშირში.
იგი სწავლობს, თუ როგორ შექმნას, გაიგონოს და აღიქვას მუსიკა, მხატვრობა, სიმღერა. სწავლება იწყება 7 წლიდან და გრძელდება 11-12 წელი.
დაწყებით კლასებში საერთოდ არ ხდება ბავშვების შეფასება ტრადიციული მეთოდებით.
3. გლენ დომანის მეთოდიკა − დაფუძნებულია ბავშვის ტვინის განვითარების კვლევების შედეგებზე: დაბადებიდან 3 წლამდე (აქტიური ფაზა) და 3-7 წლამდე (ნაკლებად აქტიური ფაზა).
დომანმა შექმნა „ჯადოსნური ბარათების“ სისტემა ორი მიმართულებით − ლინგვისტური და მათემატიკური უნარების განვითარებისთვის. ეს თაბახის ფურცლის ზომის ბარათებია, სადაც თეთრ ფონზე არის ერთი გამოსახულება, ხოლო დაბლა მსხვილი შრიფტით მიწერილია საგნის დასახელება.
დომანის მეთოდის თანახმად, ეს ბარათები ბავშვს პირველივე დღეებიდან უნდა ვანახოთ. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ბარათების რაოდენობა და მათზე დატანილი ინფორმაციის სირთულე.
დომანმა ასევე შექმნა ტრენაჟორები და სავარჯიშოები 3 თვის ასაკიდან ბავშვებისთვის.
ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა
4. სესილ ლუპანის მეთოდიკა − განკუთვნილია 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ლუპანი თავის ცნობილი წიგნში „ირწმუნე შენი შვილისა“ (Believe In Your Child) გვთავაზობს მეთოდებს, რომლებითაც მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს, შეუყვარდეთ სწავლა.
მეთოდიკის თანახმად, ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.
სესილ ლუპანის მიხედვით, დედა მთელ თავის დროს უთმობს ბავშვს 5 წლამდე. მეთოდის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ბავშვისთვის ფოტოების გადაღება სხვადასხვა ადგილას: საწოლთან, ჭამის დროს, თამაშისას და ა.შ.
დედა ამ ფოტოებს აკრავს ალბომში და აწერს მას შესაბამის ტექსტებს. პერიოდულად ბავშვთან ერთად ათვალიერებს ალბომს და კითხულობს ტექსტებს.
ლუპანის მიხედვით არაა საჭირო ყოველდღიური მეცადინებობა, მნიშვნელოვანია ამის გაკეთება ენუზიაზმის პიკში.
5. ნიკიტინების ოჯახის მეთოდიკა − განკუთვნილია 0-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ერთი შეხედვით, სპარტანულ აღზრდას ჰგავს.
ნიკიტინების მეთოდიკით, ბავშვის საცხოვრებელ გარემოში უნდა განთავსდეს სხვადასხვა სახის ტრენაჟორები, შვედური კედელი, ორძელები. ბავშვის გამოწრთობა, მუდმივი მეცადინეობები და შეჯიბრებები ყოველდღიურად უნდა მიმდინარეობდეს.
ნიკიტინებმა შექმნეს უამრავი სათამაშო, კუბიკები, ლოგიკური თამაშები.
გენიალური პედაგოგის 15 დარიგება მშობლებს: აღზარდეთ ადამიანი და არა დაბრეცილი ხე
მეთოდიკა ემყარება მკაცრ დისციპლინასა და მშობელთა ავტორიტეტს, თუმცა არ მოიაზრებს დაძალებას. ბავშვები სიხარულით თამაშობენ, ვარჯიშობენ და მეცადინეობენ.
6. მასარუ იბუკას მეთოდი − განკუთვნილია 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამ მეთოდის ძირითადი პრინციპი ჩანს იბუკას წიგნის სათაურშივე: „სამის შემდეგ უკვე გვიანია“.
დიდაქტიკურ მასალებად იბუკა იყენებს მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურს: ნაცვლად ლექსების დაზეპირებისა და მულტიპლიკაციური ფილმების ყურებისა, გვირჩევს რემბრანდტის და ლეონარდოს ქმნილებების დათვალიერებას, ხოლო ცეკვას − არა საბავშვო სიმღერებზე, არამედ კლასიკურ მუსიკაზე.
7. მეთოდიკა „შვიდი გნომის სკოლა“ − განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და აერთიანებს საუკეთესო განმავითარებელი მეთოდიკების ნაღებს.
იგი მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა მხარეს: გონებრივს, ფიზიკურს, ემოციურს, ესთეტიკურს, პიროვნულსა და სოციალურს.
„შვიდი გნომის სკოლის“ მეოდური სახელმძღვანელო შედგება 12 წიგნისგან. მათი დახმარებით ბავშვი ეტაპობრივად იღებს ინფორმაციას, თავად აკეთებს სათამაშოებს, ჭრის და აწებებს, რაც ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას.
8. ზოლტან პალ დიენეშის მეთოდი − ცნობილია, რომ მის მიერ შექმნილი ლოგიკური თამაშების, სიმღერების და ცეკვების დახმარებით, ბავშვებში მათემატიკური უნარების განვითარება ხდება.