თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დღეს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს მეოთხედ აღინიშნება.
„ამ თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება. დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და დემოკრატიის არსებობის უმთავრესი წინაპირობაა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საქართველოში განათლების საერთაშორისო დღე პირველად 2019 წელს აღინიშნა.