საქართველოს საავიაციო ბაზრის 2021 წლის ლიდერები დასახელდნენ

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით პირველ ადგილზეა ავიაკომპანია Turkish Airlines.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასახელა ის ავიაკომპანიები, რომლებიც 2021 წელს მგზავრების გადაყვანით ლიდერები გახდნენ.
საქართველოს საჰაერო საზღვრები გასული წლის 1 თებერვალს გაიხსნა, თუმცა კოვიდ-შეზღუდვის პირობებში ავიაკომპანიების მიერ ფრენების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
სააგენტოს ცნობით, მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა დაიკავა, რომელმაც 2021 წელს 274,4 ათასი მგზავრი გადაიყვანა.
მეორე ადგილი უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა გადამზიდავმა Wizz air-მა დაიკავა, რომელმაც 202,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მესამე ადგილზე 2021 წელს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Sky up Airlines იყო, რომელმაც 192,9 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მეოთხე ადგილზეა ბიუჯეტური თურქული კომპანია Pegasus Airlines, რომელმაც 2021 წელს 191,8 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ხუთეულს 188,4 ათასი მგზავრით ბელორუსული კომპანია Belavia ხურავს.
ავიაკომპანიის ტოპ ათეულში ასევე მოხვდა: Fly Dubai - 135.059 მგზავრი, Flynas - 124.717 მგზავრი, Israir - 98.098 მგზავრი, Georgian Airways - 72.923 მგზავრი და Air Arabia - 72.344 მგზავრი. მთლიანობაში ავიაკომპანიებმა 2021 წელს 2.496.448 მგზავრი გადაიყვანეს, 2019 წელს, კოროვირუსის პანდემიის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 5.209.505 იყო.