თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისის „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურება, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
როგორც „ოქროს ბირჟის“ დირექტორი ეთერ ყიფიანი აცხადებს, გეგმიური ტესტირებისას კორონავირუსის ინფექცია 500-დან 40 თანამშრომელს გამოუვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ ობიექტის დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.
„ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირით დაგვეკეტა... გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები“, - განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, ბირჟა 1 თებერვალს გაიხსნება. თანამშრომლებმა კი თან უნდა იქონიონ ტესტების უარყოფითი პასუხები.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი შაბათს დამყარდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.696-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.051.445-ს მიაღწია.