ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ვიდეო

ლევან გორგაძემ საკუთარი ბალანსი გაათანაბრა
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-14 დღეს მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა წინააღმდეგობა ადვილად დაძლია და მეტოქე ეფექტური გდებით დოჰიოდან გადაიყვანა.
იანვრის სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და შვიდი მარცხი ჰქონდა. ოკინოუმისთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით მისი ბალანსი გათანაბრდა - შვიდი გამარჯვება და შვიდი წაგება. ქართველ სუმოისტს უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად კიდევ ერთი შეხვედრის მოგებაც მართებს.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.
იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.