თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.
ზურაბიშვილმა წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე აირჩია.
ახლა კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის საკუთარ ხედვას საპარლამენტო სხდომაზე წარადგენენ.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.